ტელეკომუნიკაცია პოლონეთშიdrukuj
მობილური ტელეფონი
პოლონეთში შეგიძლიათ შეიძინოთ სატელეფონო აბონემენტი, ანუ თქვენი სურვილისამებრ შერჩეული პაკეტი, რომელსაც მოქმედების გარკვეული ვადა აქვს, ან შეიძინოთ სიმ-ბარათი და მასზე თანხა ჩარიცხოთ( ე.წ. pre-paid).
სიმ-ბარათი და მასზე თანხის ჩარიცხვა კარგი გამოსავალია მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ უნდა ხელშეკრულების გაფორმება სატელეფონო ოპერატორთან და ტელეფონი ახლობლებთან კონტაქტზე ყოფნისთვის უფრო სჭირდება, ვიდრე ხანგრძლივი სატელეფონო საუბრებისთვის. მსგავსი სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა შეიძინოთ მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი, ე.წ სასტარტო პაკეტი, სავაჭრო ჯიხურებში ან სატელეფონო ქსელის ოფისებში. ამის შემდეგ, საჭიროა მისი აქტივაცია, რაც უბრალოდ პირველი სატელეფონო ზარის განხორციელებით ხდება. ტელეფონის, თუ სასტარტო პაკეტის (სიმ-ბარათის) შეძენისას, უცხოელს არ აქვს დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება. სიმბარათზე თანხის ჩარიცხვა ხდება მობილური ოპერატორის მიერ მითითებულ ვადებში, (მაგალითად ყოველთვე, ან ყოველ სამ თვეში - ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩარიცხული თანხის ოდენობაზე), ან უფრო ხშირად, როცა ბალანსზე არსებული თანხა ამოიწურება.
სატელეფონო აბონემენტის დადებითი მხარე ისაა, რომ სააბონენტო გადასახადის გადახდის შემდეგ, დაზღვეული ხართ თანხის ჩაურიცხველობის გამო ზარების განხორციელებაზე შეზღუდვისგან, რაც შეიძლება მოხდეს სიმ-ბარათის შემთხვევაში. მისი უარყოფითი მხარე მინიმუმ 12 თვიან პერიოდზე ხელშეკრულების დადების ( ან უფრო ხანგრძლივი, რაც ძირითადად მაშინ ხდება, როცა კარგი მოდელის ტელეფონს ყიდულობთ აბონემენტთან ერთად) და ყოველთვიური გადახდის აუცილებლობაა. ამ სერვისით სარგებლობისთვის, სატელეფონო ოპერატორთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ამისთვის, უცხოელი ვალდებულია მივიდეს ოფისში და წარუდგინოს დოკუმენტები. როგორც წესი, ეს დოკუმენტებია: პასპორტი, ბინადრობის უფლება, სამუშაო ნებართვა, ვადიანი საკრედიტო ბარათი, მობილური ტელეფონის გადასახადი. სტუდენტების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სტუდენტური ბარათის წარდგენაც.
ყურადღება: დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელს, არ შეუძლია იმაზე უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადება ოპერატორთან, ვიდრე მისი ბინადრობის ნებართვის მოწმობის ვადაა.
უცხოელებს, რომლებიც პოლონეთში იმყოფებიან ვიზის საფუძველზე, შეუძლიათ მხოლოდ სიმ-ბარათის შეძენა.
პოლონეთში რამდენიმე პოპულარული სატელეფონო ქსელია, მათი სერვისების შესახებ სრულ ინფორმაციას მათ ვებ-გვერდებზე იხილავთ.
გაითვალისწინეთ, რომ ქსელის შიდა ზარები ყოველთვის უფრო იაფია. ზოგიერთი ქსელის შემთხვევაში კი შიდა ზარები უფასოა. ამიტომ, უკეთესია თუ ახლობლები და ოჯახის წევრები ერთი და იგივე სატელეფონო ქსელის აბონენტები იქნებიან.
ინტერნეტი
ინტერნეტის საშუალო ფასი, რომლითაც სახლში ისარგებლებთ, თვიურად 50-დან 100 ზლოტამდეა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიასთან, (როგორც წესი მინიმუმ 12 თვიანის). ხშირ შემთხვევაში ინტერნეტ სერვისის მომწოდებლები გვთავაზობენ პაკეტს: ინტერნეტი + საკაბელო ტელევიზია.
რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ინტერნეტ სერვისის მომწოდებლის ფასი, შეგიძლიათ შეადაროთ აქ.
პოლონეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ვაი-ფაი. ქალაქებში ვაი-ფაისთან წვდომა ხშირად უფასოა, ამისთვის საჭიროა უბრალოდ მიხვიდეთ თქვენი კომპიუტერით/ტაბლეტით იმ ადგილებში, სადაც ვაი-ფაის ჰოთსპოტებია. პოლონეთში ასევე შეგიძლიათ ინტერნეტ-კაფით ისარგებლოთ. ეს ის ადგილია, სადაც კომპიუტერები დაგხვდებათ ინტერნეტთან წვდომით.