სწავლის ეტაპები, პროფესიული წოდებები და აკადემიური ხარისხები პოლონეთშიdrukuj
უმაღლესი განათლება შეგიძლიათ მიიღოთ სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში, მათ შორის უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ სასწავლებელში, აკადემიაში ან კოლეჯში. როგორც წესი, სახელმწიფო სასწავლებლები ბიუჯეტიდან ფინანსდება და დასწრებულზე სწავლა უფასოა. კერძო სასწავლებლები ფასიანია.
სასწავლებლების ჩამონათვალს და მათ საკონტაქტო ინფორმაციას ნახავთ აქ https://studia.pl/
სწავლა შეიძლება მიმდინარეობდეს ორ რეჟიმში - პირველი. ე.წ დასწრებული ანუ დღის(studia stacjonarne/dzienne) და დაუსწრებელი(niestacjonarne/zaoczne). დასწრებულია როცა ლექციები ტარდება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. დაუსწრებელია, როცა ლექციები იმართება პარასკევს, შაბათს და კვირას, რამოდენიმეჯერ სემესტრში. ტერმინი “საღამოს სწავლა”(studia wieczorowe) ეხება დაუსწრებელი სწავლის ტიპს, როცა ლექციები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შუადღიდან საღამოს საათებამდე მონაკვეთში. დაუსწრებელი და საღამოს სწავლა ფასიანია როგორც სახელმწიფო ისე კერძო უნივერსიტეტებში.
სასწავლო წელი 1ოქტომბერს იწყება და დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში მთავრდება. იყოფა ორ ნაწილად - ზამთრის და ზაფხულის სემესტრად. ერთი სემესტრი დაახლოებით 4-5 თვე გრძელდება. ყოველი სემესტრის ბოლოს არის საგამოცდო სესია, სადაც სტუდენტებმა ან გამოცდა უნდა ჩააბარონ ან ჩათვლა მიიღონ. სწავლის გაგრძელების პირობაა სემესტრის ჩათვლა, ანუ სტუდენტმა დადებითი შეფასება უნდა მიიღოს ყველა იმ საგანში, რომელსაც მოცემულ სემესტრში გადიოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტუდენტმა უნდა მიიღოს სწავლის მანძილზე ყველა საგნის გამოცდის ჩაბარების/ჩათვლის დამდასტურებელი მოწმობა, წარადგინოს სადიპლომო ნამუშევარი (იქნება ეს საბაკალავრო, სამაგისტრო თუ საინჟინრო) და გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტი მას ანიჭებს წოდებას - ბაკალავრის, ინჟინერის ან მაგისტრის.
სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და კურსი, ასევე ამასთან დაკავშირებული, სტუდენტის უფლებები და მოვალეობები მითითებულია სასწავლო დებულებაში. თითოეული უნივერსიტეტის სასწავლო დებულება ერთ – ერთი ძირითადი დოკუმენტია, რომელსაც სტუდენტი უნდა გაეცნოს.დებულება შეიცავს სასწავლო პროცესის სწორად მიმდინარეობის და სასწავლო პროცესის ორგანიზების ზოგად წესებს. დებულება ხელმისაწვდომია უნივერსიტეტების ვებ – გვერდებზე. ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შერჩეულ უნივერსიტეტს დაუკავშირდეთ და გაეცნოთ.
იურიდიულ მრჩეველთა პალატის მიერ შედგენილი “სახელმძღვანელო პოლონეთში სწავლის გაგრძელების მსურველ უცხოელთათვის”, ხელმისაწვდომია აქ
სწავლის ეტაპები, პროფესიული წოდებები და აკადემიური ხარისხები პოლონეთში
პოლონეთში სწავლების რამდენიმე ეტაპია, ერთმანეთისგან განსხვავდება სტუდენტის მიღების კრიტერიუმებით, სწავლის ხანგრძლივობით და პროფესიული წოდებით, რომელსაც სტუდენტი მიიღებს სწავლის დასრულების შემდეგ.
- პირველი საფეხური – ეს არის სასწავლებლები, რომელიც სტუდენტს ამზადებს რაიმე კონკრეტულ სფეროში მუშაობის დასაწყებად. ამ საფეხურს გავლის შემდეგ სტუდენტს ეძლევა ბაკალავრის ან ინჟინრის წოდება. სწავლის ხანგრძლივობაა 6-დან 7 სემესტრამდე. სწავლის დასაწყებად საჭიროა წარადგინოთ საშუალო სკოლის დასრულების (პოლონეთში ან მის ფარგლებს გარეთ) დამადასტურებელი სერტიფიკატი.
- მეორე საფეხური – ეს არის პროფესიული სწავლება, რომლის დასრულების შემდეგაც მიიღებთ მაგისტრის, მაგისტრ-ინჟინერის, ან ამ წოდებებთან გათანაბრებულ სხვა წოდებას (მაგალითად ექიმი, ექიმ-სტომატოლოგის, ექიმ-ვეტერინარის). მეორე საფეხურზე სწავლა გრძელდება 3-4 სემესტრი. ამ საფეხურზე სწავლის დასაწყებად თქვენ დაგჭირდებათ პირველი საფეხურის გავლა (პოლონეთში ან მის ფარგლებს გარეთ)
- ერთიანი სამაგისტრო პროგრამა – ეს არის სწავლება, რომელიც მთავრდება მაგისტრის, ინჟინრის ან სხვა მათთან გათანაბრებული წოდების მიღებით. სწავლა გრძელდება 9-დან 12 სემესტრამდე, სწავლის დასაწყებად აუცილებელია საშუალო სკოლის დამთავრების (პოლონეთში ან მის საზღვრებს გარეთ) დამადასტურებელი ატესტატის წარდგენა. ერთიანი სამაგისტრო პროგრამა სავალდებულოა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მაგალითად ფარმაცია, სამართალი, ფსიქოლოგია, მედიცინა.
პროფესიული წოდების მოპოვების შემდეგ სწავლის გაგრძელება შეიძლება:
- მესამე საფეხურზე - დოქტორანტურა, საშუალებას გაძლევთ მოწინავე ცოდნა მიიღოთ ერთ რომელიმე სფეროში თუ სასწავლო დისციპლინაში. სწავლის ამ საფეხურზე, სტუდენტი ემზადება დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, რომელსაც სადოქტორო ნამუშევრის დაცვის შემდეგ მიიღებს. დოქტორანტურაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია დამთავრებული გქონდეს მაგისტრატურა პოლონეთში ან მის საზღვრებს გარეთ.
- ასპირანტურა - მისი მიზანია ერთ რომელიმე სფეროში ან სასწავლო დისციპლინაში ცოდნის გაღრმავება. მისი ხანგრძლივობა 2-დან 4 სემესტრამდეა. დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, (რომელიც დიპლომი არ არის), არ იღებს არანაირ პროფესიულ წოდებას.
უცხოელებს - იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ სასწავლებელში მიღებას და სასწავლო პროცესის გავლის მოთხოვნებს - შეუძლიათ ისწავლონ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საფეხურზე.
უცხოელების უნივერსიტეტში მიღების ზოგადი წესები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში, პოლონეთის მოქალაქეებისთვის დასწრებულზე სწავლა უფასოა. პარალელურად მეორე მიმართულებით სწავლა, 2013 წლიდან ფასიანი გახდა. დაუსწრებელი და ე.წ. საღამოს სწავლა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფასიანია. გადასახადს ადგენს უნივერსიტეტი.
დასწრებული, დაუსწრებელი და საღამოს სწავლა კერძო უნივერსიტეტში ფასიანია.
როგორც წესი, ყველა უცხოელს შეუძლია პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება. თუმცა სახელმწიფო სასწავლებლებში მათი მიღების და სწავლების წესები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივი სტატუსი აქვს უცხოელს. უცხოელების ზოგიერთ კატეგორიას, შეუძლია პოლონეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლონურად ისწავლოს იმავე წესების საფუძველზე, რაც პოლონეთის მოქალაქეებს, შესაბამისად უფასოდ. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან უცხოელები რომლებსაც:
- აქვთ პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვა - რა არის მუდმივი ბინადრობის ნებართვა?
- აქვთ პოლონელის მოქმედი ბარათი. რა არის პოლონელის ბარათი?
- მიიღეს პასუხი პოლონური წარმომავლობის დადასტურებასთან დაკავშირებით
- აქვთ პოლონეთის მიერ გაცემული დევნილის სტატუსი;
- დროებითი დაცვით სარგებლობენ პოლონეთში;
- მინიჭებული აქვთ სუბსიდიური დაცვა პოლონეთში;
- აქვთ პოლონურის, როგორც უცხო ენის C1 დონეზე ფლობის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია პოლონურის, როგორც უცხო ენის ცოდნის ფლობის შემმოწმებელი სახელმწიფო კომისიის მიერ;
- აქვთ პოლონეთში გაცემული ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა, რა არის ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა
- რომლებიც არის პოლონეთის მოქალაქის მეუღლე, პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პოლონეთის მოქალაქის მშობელი, წინაპარი(ბებია-ბაბუა და ა.შ) ან შთამომავალი.
- არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ან ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის წევრი ქვეყნების მოქალაქეები და მათი, პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მათი ოჯახის წევრები
- მიენიჭათ დროებითი ბინადრობის ნებართვა სამეცნიერო კვლევის ჩატარების ან მეცნიერის გრძელვადიანი მობილობის მიზნით. იმყოფებიან პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეცნიერის მოკლევადიანი მობილობის ან ეროვნული ვიზის ფლობის ფარგლებში, რომელიც გაიცა სამეცნიერო კვლევების ან პროფესიული განვითარების მიზნით.
- მიეცა ბინადრობის უფლება ოჯახთან გაერთიანების მიზნით;
უცხოელები, რომლებსაც აქვთ დროებითი ბინადრობის უფლება ე.წ. სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ესენი არიან პირები, რომლებსაც ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა აქვთ და სურთ პოლონეთში მუშაობა, სწავლა, ან პოლონეთში მათი ყოფნის აუცილებლობის დამადასტურებელი სხვა გარემოებებია. ასევე, მათთან ერთად მყოფ, მათი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ ისწავლონ პოლონეთში უფასოდ. დანარჩენ შემთხვევაში უცხოელებისთვის სწავლა ფასიანია, მაგრამ მათ აქვთ საშუალება მოიპოვონ სტიპენდია, რომელიც სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს. (მეტ ინფორმაციას სტიპენდიების შესახებ ნახავთ ქვემოთ)
უცხოელის მიერ, დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში რექტორს შეუძლია შეუმციროს ან სრულიად გაათავისუფლოს იგი გადასახადისგან.
პოლონეთში სწავლის საფასურთან დაკავშირებით ინფორმაციას ნახავთ აქ.
სტიპენდია უცხოელებისთვის
ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარების - სოციალური სტიპენდიის და სტუდენტური კრედიტის მიღება შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც:
- აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტები არიან
- აქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა ოჯახთან შეერთების მიზნით
- უცხოელები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ ბინადრობის დროებითი ნებართვა ე.წ. სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ესენი არიან პირები, რომლებიც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის მიერ გაცემული, ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მფლობელები არიან, რომლებსაც სურთ პოლონეთში მუშაობა, სწავლა ან პოლონეთში მათი ყოფნის აუცილებლობის სხვა გარემოებებია.
- აქვთ პოლონეთის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი ან აქვთ დროებითი ან სუბსიდიური დაცვა პოლონეთის ტერიტორიაზე,
- აქვთ პოლონურის, როგორც უცხო ენის C1 დონეზე ფლობის სერტიფიკატი.
- აქვთ პოლონელის ბარათი, ან პოლონური წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება
- რომლებიც არიან პოლონეთის მოქალაქის მეუღლეები, პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პოლონეთის მოქალაქის მშობლები, წინაპრები(ბებია-ბაბუა და ა.შ.) ან შთამომავალები
თუმცა, ყველა უცხოელ სტუდენტს, რომელიც სწავლას დაიწყებს 2019-2020 სასწავლო წელს, შეუძლია სცადოს შემდეგი მატერიალური დახმარების მიღება:
- რექტორის სტიპენდია
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტიპენდია
- ფინანსური დახმარება იმ პირებისთვის, რომელებიც მძიმე მდგომარეობაში არიან სხვადასხვა მიზეზის გამო.
- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გამოყოფილი სტიპენდია
- სტიპენდია აკადემიური ან სპორტული მიღწევებისთვის, რომელიც დაფინანსებულია ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირისა.
- მინისტრის სტიპენდია
პოლონეთის სახელმწიფო სტიპენდიები
პოლონეთის მთავრობა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტებს და სტაჟიორებს სტიპენდიებს სთავაზობს. პოლონეთის მთავრობის სტიპენდიანტები გათავისუფლებულები არიან სწავლის გადასახადისგან. ყოველ წელს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ხდება ადგილების ლიმიტის განსაზღვრა. მათ, ვისაც სასწავლო სტიპენდიის მოპოვება სურთ, უნდა დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ პოლონეთის საკონსულო-დიპლომატიურ განყოფილებებს.
სტიპენდია უშუალოდ სტიპენდიანტებს ერიცხებათ მიმღები უნივერსიტეტის შუამავლობით.
სხვა ქვეყნის მთავრობის სტიპენდიანტები (გამომგზავნი მხარის)
ეს სტიპენდიები ენიჭებათ უცხოელებს, რომელებიც სწავლას იწყებენ, მისი ქვეყნის სამინისტროს, ან სხვა, საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებზე პასუხისმგებელი უწყების საერთაშორისო მოლაპარაკებების საფუძველზე. სხვა ქვეყნის სტიპენდიანტებისთვის სწავლა უფასოა.
გადასახადისა და სტიპენდიის გარეშე
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან პოლონეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული დახმარების პროგრამის ფარგლებში, უცხოელებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ სწავლის იმ ფორმაზე, როცა უცხოელი არ იხდის სწავლის გადასახადს, მაგრამ არ აქვს სტიპენდია და თვითონ ფარავს პოლონეთში ცხოვრების ხარჯებს. ამისთვის უცხოელმა უნდა მიმართოს პოლონეთის საკონსულო-დიპლომატიურ დაწესებულებებს.
პოლონეთის უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაადგინონ უცხოელებისთვის სტიპენდიის მინიჭების და მათი სწავლის გადასახადისგან გათავისუფლების ინდივიდუალური წესები.
როგორ ხდება უნივერსიტეტში მიღება?
პოლონეთის ცალკეული უნივერსიტეტები თავად ადგენენ სტუდენტების მიღების წესებს და პირობებს.
უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა შეიძლება მოხდეს მოცემული ფაკულტეტის მიერ მოთხოვნილ საგნებში, საატესტატო გამოცდაზე მიღებული ქულების ჯამით (რა არის საატესტატო გამოცდა?) მათ, ვისაც პოლონური საატესტატო გამოცდის ექვივალენტი გამოცდა საზღვარგარეთ აქვთ ჩაბარებული, შეიძლება მოეთხოვოთ მისაღები გამოცდების ჩაბარება, იმ შემთხვევაში თუ მათ საატესტატო გამოცდაზე, მოცემულ საგნებში მიღებული ქულების ჯამი განსხვავდება პოლონურისგან და მათი კონვერტირება შეუძლებელია. ზოგიერთ უნივერსიტეტში მიღება ხდება მხოლოდ მისაღები გამოცდების საფუძველზე, ზოგჯერ, მისაღების გამოცდის გარდა, საატესტატო სერტიფიკატიც საჭიროა. უნივერსიტეტში მიღების წესებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ თქვენ მიერ შერჩეული სასწავლებლის ვებ-გვერდს.
უნივერსიტეტში მიღება ხდება შესაბამისი შემმოწმებელი კომისიის მიერ, რომელსაც ან სასწავლებლის ხელმძღვანელი ირჩევს, ან წესდებაში მითითებული სხვა ორგანო. შემმოწმებელი კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასწავლებელში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. შერჩევის დროს მოქმედებს არადისკრიმინაციულობის წესი, უნდა იმას ნიშნავს, რომ შერჩევის პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ ცოდნას და/ან კანდიდატის უნარებს, და უნივერსიტეტში ჩარიცხვის შანსი უნდა ჰქონდეს ყველას - განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ წარმომავლობისა.
ენის ცოდნა და უნივერსიტეტში ჩარიცხვა
პოლონურ ენაზე სწავლა შეუძლიათ იმ უცხოელებს, რომელთა პოლონური ენის ცოდნა, ამ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო დონეზე, დამოწმებულია:
- ენის შესაბამისი კურსის დასრულების სერტიფიკატით(მაგალითად , პოლონურ ენაზე სწავლისთვის მოსამზადებელი ერთწლიანი კურსი, მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მიერ დანიშნულ ერთეულებში; ასეთი კურსის ხანგრძლივობა ითვლება სწავლის იმ პერიოდში, რა პერიოდითაც უცხოელი იქნა მიღებული და კურსის გავლისას, მას იგივე უფლებამოსილება აქვს, რაც უმაღლესი განათლების მიმღებ პირს.
- პოლონური ენის სერტიფიკატით, რომელიც გაცემული პოლონურის, როგორც უცხო ენის ცოდნის შემმოწმებელი სახელმწიფო კომისიის მიერ.
- მიმღები უნივერსიტეტის მიერ
უცხოელებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა უცხო ენაზე ისწავლონ (გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურა, კლინიკური დისციპლინის დარგში) თუ აქვთ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (მაგალითად საშუალო სკოლის დამთავრების სერტიფიკატი, სადაც გაკვეთილები ტარდებოდა შესაბამის ენაზე).
ECTS კრედიტები (კრედიტების გადაცემისა და დაგროვების ევროპული სისტემა) ეს არის საზომი დატვირთვისა, რომელიც აუცილებელია რათა სწავლის განსაზღვრული შედეგები მიიღოს სტუდენტმა. ყველა საგანს, რომელსაც სტუდენტი სწავლის პერიოდში გადის, თავიდანვე მინიჭებული აქვს ECTS კრედიტი.
იმისთვის, რომ მოიპოვოთ დიპლომი
- პირველი საფეხურის შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ 180 ECTS კრედიტი;
- მეორე საფეხურის შემთხვევაში მინიმუმ 90 ECTS კრედიტი;
- 5 წლიანი საერთო სამაგისტრო სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 300 ECTS კრედიტი, ხოლო 6 წლიანის შემთხვევაში - 360 ECTS კრედიტი.
იმ საგნების გავლის გარდა, რომელიც ზემოთ აღნიშნული კრედიტების მოსაპოვებლად არის საჭირო, საჯარო სასწავლებელში სტუდენტს უფლება აქვს იაროს იმ საგნებზე, რომელიც მის სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, და რომელშიც შეუძლია მოიპოვოს მაქსიმუმ 30 ECTS კრედიტი, ხოლო სტუდენტი რომელსაც მრავალფაკულტეტიანი ინდივიდუალური სწავლება აქვს - არაუმეტეს 90 ECTS პუნქტისა.
მეტ ინფორმაციას კრედიტებთან დაკავშირებით მიიღებთ აქ:
პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაცია სწავლის საფუძველზე
სწავლის საფუძველზე ბინადრობის მოწმობის აღების პროცედურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნახავთ აქ
ვიზის აღების პროცედურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნახავთ აქ
თუ უცხოელს სწავლის დასრულების და ვიზის ან ბინადრობის უფლების ვადის გასვლის შემდეგ პოლონეთში ცხოვრება უნდა, მისი პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაცია უნდა მოახდინოს. ლეგალიზაციის და ბინადრობის ნებართვის ბარათის აღების შესახებ წაიკითხეთ აქ
ჯანმრთელობის დაზღვევა სწავლის დროს
უცხოელ სტუდენტებს აქვთ უფლება ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით, იმ პირობით, თუ დაზღვევა აქვთ პოლონეთის ჯანდაცვის ეროვნულ ფონდში (NFZ) მეტ ინფორმაციას პოლონეთის საყოველთაო დაზღვევის შესახებ ნახავთ აქ
იმ სტუდენტების დაზღვევის საფასურს, რომლებსაც პოლონური წარმომავლობა აქვთ, უნივერსიტეტი ფარავს. სტუდენტი ვალდებულია დაუმტკიცოს უნივერსიტეტს, რომ პოლონური წარმომავლობა აქვს.
ვისაც არ აქვთ პოლონური წარმომავლობა, დაზღვევის ფული საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა დაფაროს.