+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

უცხოელის ქვეყნიდან გაძევება

უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი შენგენის ან ეროვნული ვიზით მისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე და ასევე ამ ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 

უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე. 

უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი შემდეგი სახის საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში (ან მეორე ინსტანციის ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში - გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან): 

  • - გადაწყვეტილება შენგენის ან ეროვნული ვიზის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილება დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილება ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე ან გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ საკითხებზე საქმის წარმოების შეწყვეტის ან უცხოელისთვის უკვე მინიჭებული ნებართვის გაუქმების თაობაზე. 
  • - გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის განაცხადის დაუშვებლად ცნობის შესახებ, გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების შეწყვეტის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის ჩამორთმევის შესახებ ან 
  • - გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიზეზებით მინიჭებული ბინადრობის ნებართვის ჩამორთმევის შესახებ. 

უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი 7 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შეწყდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე ქვეყანაში არ გადაყვანის მიზეზები. 

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში პოლონეთში მყოფი უცხოელი ვალდებულია დატოვოს პოლონეთი უვიზო მიმოსვლის შესახებ წარმოშობის ქვეყანასა და პოლონეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. 

უცხოელის ქვეყნიდან გაძევება-ვის ეხება? 

გადაწყვეტილება ქვეყნიდან გაძევების თაობაზე შეიძლება გაიცეს უცხოელზე, რომელიც: 

  1. იმყოფება ან იმყოფებოდა პოლონეთში მოქმედი ვიზის ან სხვა მოქმედი დოკუმენტის გარეშე, რომელიც იძლევა პოლონეთში შესვლისა და დარჩენის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ ვიზის ან სხვა დოკუმენტის ქონა არის სავალდებულო; 
  2. რომელმაც არ დატოვა პოლონეთი შენგენის ქვეყნებში (ყველა ან ზოგიერთ) კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც მას ჰქონდა ვიზის გარეშე ბინადრობის უფლება ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი; 
  3. რომელმაც არ დატოვა პოლონეთი შენგენის ვიზაში მითითებული ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში კანონიერი ბინადრობის ვადის გამოყენების შემდეგ ან ეროვნული ვიზის საფუძველზე ყოფნის დასაშვები ვადის გამოყენების შემდეგ; 
  4. ასრულებს ან ასრულებდა სამუშაოს სავალდებულო სამუშაო ნებართვის ან დამსაქმებლის მიერ უცხოელის დასაქმების შესახებ რეგისტრირებული დეკლარაციის გარეშე, ან დაეკისრა ფულადი ჯარიმა სამუშაოს უკანონოდ შესრულებისათვის; 
  5. ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას პოლონეთის კანონის საწინააღმდეგოდ ან 
  6. არ გააჩნია ფინანსური რესურსი, რომელიც აუცილებელია პოლონეთში ყოფნის, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების ან საცხოვრებელი ადგილის ხარჯების დასაფარად ან  ტრანზიტის ხარჯების დასაფარად პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყანაში, რომელიც გასცემს შესვლის ნებართვას და არ მიუთითა ასეთი სახსრების მოპოვების სანდო წყაროები; 
  7. ფიგურირებს უცხოელთა ჩამონათვალში, რომელთა პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველია; 
  8. ფიგურირებს შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) შესვლაზე უარის თქმის მიზნით, იმ შემთხვევაში თუ იმყოფება პოლონეთში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ან შენგენის ვიზის საფუძველზე (ეს არ ეხება სიტუაციებს, როდესაც ბინადრობის საფუძველია შენგენის ვიზა, რომელიც მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლისა და ბინადრობის ნებართვას იძლევა); 
  9. სახელმწიფო თავდაცვის ან უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით ან პოლონეთის ინტერესებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია დარჩეს პოლონეთში; 
  10.  გადაკვეთა ან სცადა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და არ დააკავეს საზღვრის გადაკვეთისთანავე იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელიც წარმოადგენს შენგენის ზონის გარე საზღვარს; 
  11. მას პოლონეთში კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მიესაჯა პატიმრობა, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას და არსებობს საფუძველი საქმის წარმოების ჩასატარებლად, მისი საზღვარგარეთ გადაყვანის თაობაზე დაკისრებული სასჯელის აღსრულების მიზნით; 
  12.  ის რჩება სასაზღვრო ზონის გარეთ, სადაც, ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის ნებართვის მიხედვით მას შეუძლია იმყოფებოდეს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 
  13. ის პოლონეთში რჩება იმ ვადის გასვლის შემდეგ, რომლის დროსაც მას ნებართვა ჰქონდა ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის ფარგლებში გადაეკვეთა პოლონეთის ტერიტორიის საზღვარი, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 
  14. რომლის პოლონეთში შემდგომი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, რაც დადასტურებულია სამედიცინო გამოკვლევით, ან საფრთხეს უქმნის ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს; 
  15. რომლის პოლონეთში ყოფნის მიზანი და პირობები არ შეესაბამება დეკლარირებულს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი იძლევა მათი შეცვლის უფლებას; 
  16. რომელსაც ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ან დამატებით დაცვაზე, საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი, გაიცა გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მინიჭების პროცედურის შეწყვეტის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის გაუქმების შესახებ და უცხოელს არ დაუტოვებია პოლონეთის ტერიტორია მითითებულ ვადაში, ან იმყოფება დაცულ ცენტრში ან უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში. 

რა შემთხვევაში არ დაიწყება უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ საქმის წარმოება? 

უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ საქმის წარმოება არ დაიწყება, თუ: 

  1. უცხოელს აქვს ლტოლვილის სტატუსი ან სარგებლობს დამატებითი დაცვით; 
  2. უცხოელს მიენიჭა ბინადრობის ნებართვა ჰუმანიტარული მიზეზების გამო ან კანონით გათვალისწინებული სხვა დასაშვები მიზეზებიდან გამომდინარე (pobyt tolerowany); 
  3. უცხოელს მიენიჭა დროებითი ბინადრობის ნებართვა იმის გამო, რომ მისი პოლონეთში ყოფნა აუცილებელია ოჯახური ცხოვრების პატივისცემის აუცილებლობის გამო, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისად; 
  4. უცხოელს მიენიჭა დროებითი ბინადრობის ნებართვა იმის გამო, რომ პოლონეთიდან მისი წასვლით დაირღვევა ბავშვის უფლებები, როგორც ეს განსაზღვრულია ბავშვის უფლებათა კონვენციაში; 
  5. უცხოელი არის პოლონეთის მოქალაქის მეუღლე ან უცხოელის, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა  (იმ პირობით, რომ უცხოელის ყოფნა საფრთხეს არ უქმნის სახელმწიფოს თავდაცვასა ან უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას), თუ ქორწინების მიზანი არ იყო კანონის გვერდის ავლა. 
  6. უცხოელი პოლონეთში იმყოფება შენგენის ვიზის საფუძველზე, რომელიც გაიცა ჩამოსვლის მიზნით ჰუმანიტარული მიზეზების გამო, სახელმწიფოს ინტერესის ან საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე; 
  7. უცხოელი იმყოფება პოლონეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, გაცემული პოლონეთში მოკლევადიანი ყოფნის გარემოებების გამო, 
  8. უცხოელი პოლონეთში იმყოფება დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაიცემა უცხოელებზე, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან; 
  9. უცხოელს მიენიჭა მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა პოლონეთში; 
  10. უცხოელს აქვს ბინადრობის ნებართვა გაცემული შენგენის ზონის სხვა ქვეყნის მიერ (იმ პირობით, რომ უცხოელის ყოფნა საფრთხეს არ უქმნის სახელმწიფოს თავდაცვასა ან უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას). გამონაკლისს წარმოადგენს სიტუაცია, როდესაც უცხოელი არ დაბრუნდა აღნიშნულ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მიეთითა პოლონეთის დაუყოვნებლივ დატოვების ვალდებულების შესახებ; 
  11. უცხოელი იმყოფება დროებით მივლინებაში პოლონეთში სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით დამსაქმებლის მიერ, რომელიც დაფუძნებულია და საქმიანობას ეწევა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში ან EFTA- ს წევრ ქვეყანაში და თუ უცხოელს აქვს ამ ქვეყანაში ყოფნისა და მუშაობის უფლება, იმ შემთხვევაში თუ უცხოელის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გაცემის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედი ვიზის ან ბინადრობის ბარათის გარეშე ყოფნა; 
  12. უცხოელი შეიძლება დაუყოვნებლივ გადაეცეს მესამე ქვეყანას, პირთა გადაცემასა/ექსტრადიციასა და მიღების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მას შემდეგ, რაც  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის იქნა დაკავებული; 
  13. უცხოელი შეიძლება დაუყოვნებლივ იქნას დაბრუნებული საზღვარზე, თუ იგი დაკავებული იქნა სასაზღვრო ზონაში უნებლიედ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ; 
  14. უცხოელი პოლონეთში იმყოფება მოწმობის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს ვარაუდის არსებობას, რომ იგი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი; 
  15. უცხოელი შეიძლება გადაეცეს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოს იმ ნორმების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავენ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის შესახებ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გაკეთებული განაცხადის განხილვაზე პასუხისმგებელ წევრ სახელმწიფოს; 
  16. უცხოელი გადაეცემა მესამე ქვეყანას ამავე სახელმწიფოს ხელისუფლების მოთხოვნით, ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ან სასჯელის აღსრულების მიზნით, ან უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით. 
  17. უცხოელი გადაეცემა ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოს როგორც პირი, რომელიც იძებნება დაკავების ევროპული ორდერის საფუძველზე.

უცხოელის ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების შესრულების ვადა 

უცხოელისთვის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულია ნებაყოფლობითი გამგზავრების ვადა, რომელიც შეადგენს 8-დან 30 დღეს, ვადა აითვლება ამ გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიქსირდება უცხოელის პასპორტში. ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება უცხოელზე დაბრუნების ვალდებულების დაკისრების შესახებ, წერილობით აცნობებს უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე გადაწყვეტილების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და აცნობებს, შეუძლია თუ არა და რა ფორმით შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. 

 

ნებაყოფლობითი დაბრუნების პერიოდი არ არის მითითებული იმ შემთხვევაში თუ არსებობს უცხოელის გაქცევის ალბათობა, ან ეს აუცილებელია ეროვნული თავდაცვის ან უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. 

 

ყურადღება! ორგანო, რომელსაც შეუძლია განიხილოს საჩივარი სასაზღვრო ქვედანაყოფის მეთაურის ან სასაზღვრო პუნქტის მეთაურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უცხოელზე დაბრუნების ვალდებულების დაკისრების შესახებ, ნებაყოფლობით გამგზავრების ვადის გაგრძელებისა და აკრძალვის მოხსნის შესახებ, არის სასაზღვრო დაცვის მთავარი მეთაური.  

 

სარჩელის შეტანა სასამართლოში 

უცხოელს, რომლის მიმართაც გაიცა გადაწყვეტილება რომელიც ავალდებულებს დაბრუნებას, შეუძლია საჩივარი შეიტანოს ვოევოდის ადმინისტრაციულ სასამართლოში უცხოელისთვის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. თუმცა, გაუქმდა უცხოელთა შესახებ კანონის 331-ე მუხლი, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოში საჩივრის შეტანა არ იძლევა ნებაყოფლობით გამგზავრების ვადის გაგრძელების გარანტიას. უცხოელი შეიძლება დეპორტირებული იყოს პოლონეთიდან მანამ, სანამ სასამართლო განიხილავს მის განცხადებას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ. 

 

ყურადღება! იმ დღეს, როდესაც უცხოელისთვის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, კანონით უქმდება ეროვნული ვიზა, დროებითი ბინადრობის ნებართვა და სამუშაო ნებართვა წყვეტს მოქმედებას. 

 

პოლონეთში ხელახლა შესვლის აკრძალვა 

გადაწყვეტილებაში უცხოელისთვის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების შესახებ განისაზღვრება პოლონეთში ხელახალი შესვლის აკრძალვა. ეს აკრძალვა ეძლევა უცხოელს 6 თვიდან 10 წლამდე. 

 

ხელახლა შესვლის აკრძალვა წესდება შემდეგი ვადებით: 

  1. 6 თვიდან 3 წლამდე - იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი: 

- იმყოფება ან იმყოფებოდა პოლონეთში მოქმედი ვიზის ან სხვა მოქმედი დოკუმენტის გარეშე, რომელიც იძლევა პოლონეთში შესვლისა და დარჩენის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ ვიზის ან სხვა დოკუმენტის ქონა არის სავალდებულო; 

- არ დატოვა პოლონეთი შენგენის ქვეყნებში (ყველა ან ზოგიერთ) კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლის დროსაც მას ჰქონდა ბინადრობის უფლება ვიზის გარეშე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი; 

- არ დატოვა პოლონეთი შენგენის ვიზაში მითითებული ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში კანონიერი ბინადრობის ვადის გამოყენების შემდეგ  ან ეროვნული ვიზის საფუძველზე ყოფნის დასაშვები ვადის გამოყენების შემდეგ; 

- არ გააჩნია ფინანსური რესურსი, რომელიც აუცილებელია პოლონეთში ყოფნის, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების ან საცხოვრებელი ადგილის ხარჯების დასაფარად ან  ტრანზიტის ხარჯების დასაფარად პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყანაში, რომელიც გასცემს შესვლის ნებართვას და არ მიუთითა ასეთი სახსრების მოპოვების სანდო წყაროები; 

- ძალაშია ჩანაწერი უცხოელის მონაცემების შესახებ იმ უცხოელთა სიაში, რომელთა ყოფნა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არასასურველია 

- უცხოელის მონაცემები ინახება შენგენის საინფორმაციო სისტემაში, მის ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის აკრძალვის მიზნით. თუ უცხოელი იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ან შენგენის ვიზის საფუძველზე, გარდა იმ ვიზისა, რომელიც მხოლოდ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას აძლევს და ამ ტერიტორიაზე დარჩენის. 

- გადაკვეთა ან სცადა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და არ დააკავეს საზღვრის გადაკვეთისთანავე იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელიც წარმოადგენს შენგენის ზონის გარე საზღვარს; 

- ის რჩება სასაზღვრო ზონის გარეთ, სადაც, ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის ნებართვის მიხედვით მას შეუძლია იმყოფებოდეს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 

- ის პოლონეთში რჩება იმ ვადის გასვლის შემდეგ, რომლის დროსაც მას ნებართვა ჰქონდა ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის ფარგლებში გადაეკვეთა პოლონეთის ტერიტორიის საზღვარი, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 

- უცხოელის პოლონეთში ყოფნის მიზანი და პირობები არ შეესაბამება დეკლარირებულს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი იძლევა მათი შეცვლის უფლებას; 

- ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ან დამატებით დაცვაზე, საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი, გაიცა გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მინიჭების პროცედურის შეწყვეტის ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის გაუქმების შესახებ და უცხოელს არ დაუტოვებია პოლონეთის ტერიტორია მითითებულ ვადაში, ან იმყოფება დაცულ ცენტრში ან უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში. 

 

       2. 1-დან 3 წლამდე, იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი: 

- ასრულებს ან ასრულებდა სამუშაოს საჭირო სამუშაო ნებართვის ან დამსაქმებლის რეგისტრირებული განცხადების გარეშე სამუშაოს უცხოელისთვის მინდობის თაობაზე ან დაეკისრა ფულადი ჯარიმა სამუშაოს უკანონოდ შესრულებისათვის; 

- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას პოლონეთის კანონის საწინააღმდეგოდ. 

       3. 3-დან 5 წლამდე, იმ შემთხვევაში თუ უცხოელი: 

- პოლონეთში საბოლოო განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას და არსებობს მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით საქმის წარმოების საფუძველი მისთვის დაკისრებული სასჯელის აღსრულების მიზნით; 

- უცხოელის შემდგომი დარჩენა პოლონეთში საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, რაც დადასტურებულია სამედიცინო გამოკვლევით, ან ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთაშორისო ურთიერთობებს 

 

       5-დან 10 წლამდე, იმ შემთხვევაში თუ უცხოელი: 

- სახელმწიფო თავდაცვის ან უსაფრთხოების, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, არ შეიძლება დარჩეს პოლონეთში. 

- მიიღო შინაგან საქმეთა კომპეტენტური მინისტრის გადაწყვეტილება, პოლიციის უფროსის, შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის ან სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოთხოვნით, უცხოელის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების შესახებ იმ უცხოელთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არის ეჭვი რომ შესაძლოა ეწეოდეს ტერორისტულ ან ჯაშუშურ საქმიანობას, ან ეჭვმიტანილია ერთ-ერთი ამ დანაშაულის ჩადენაში. 

 

პოლონეთში შესვლის აკრძალვის გაუქმება 

უცხოელის განცხადების საფუძველზე, ორგანოს, რომელმაც მიიღო უცხოელის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება შეუძლია გააუქმოს შესვლის აკრძალვა, 

თუ უცხოელი დაამტკიცებს რომ: 

  • - შეასრულა ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებები (მაგალითად, მან დატოვა პოლონეთი გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში), ან 
  • - მისი ხელახლა შესვლა პოლონეთში ან შენგენის სხვა ქვეყნებში  გამართლებულია კონკრეტული გარემოებების გამო, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ან 
  • - დაენიშნა დახმარება ნებაყოფლობით დაბრუნებასთან დაკავშირებით.  

უცხოელის პოლონეთში შესვლის აკრძალვა არ გაუქმდება, თუ: 

  • - უცხოელის პოლონეთში შესვლამ ან ბინადრობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს თავდაცვას ან უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ან დაარღვიოს პოლონეთის ინტერესები, ან 
  • - უცხოელმა არ დაფარა მისი ქვეყნიდან გაძევებასა და გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მას ევალებოდა. 
  • - დაწესდა მას შემდეგ, რაც უცხოელის მიმართ გაიცა გადაწყვეტილება შესვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ და გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 წელი არ გასულა. 

ყურადღება! თუ შესვლის აკრძალვის ვადის ნახევარი ჯერ არ გასულა, აღნიშნული აკრძალვის გაუქმება შეულებელია. 

 

სამართლებრივი საფუძველი: 

2013 წლის 12 დეკემბრის კანონი უცხოელთა შესახებ (Dz.U. z 2020 r. poz. 35)

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 6 and 8.