+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

პოლონეთის მოქალაქედ ცნობა/აღიარება

უცხოელი შეიძლება იქნას ცნობილი/აღიარებული როგორც პოლონეთის მოქალაქე. 

პოლონეთის მოქალაქედ შეიძლება იქნას ცნობილი/აღიარებული: 

  1. უცხოელი, რომელიც მუდმივად/უწყვეტად ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის,  ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის ან მუდმივი ბინადრობის უფლების საფუძველზე, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში  აქვს სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყარო და საცხოვრებელი ადგილით სარგებლობის კანონიერი უფლება (საკუთრება, ქირავნობა და ა.შ.); 
  2. უცხოელი, რომელიც უწყვეტად ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მინიმუმ 2 წლის განმავლობაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის, ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის ან მუდმივი ბინადრობის უფლების საფუძველზე, რომელიც: 
  • - მინიმუმ 3 წლის განმავლობაში იმყოფება პოლონეთის მოქალაქესთან ქორწინებაში; 
  • - არ ფლობს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობას. 

       3. უცხოელი, რომელიც სულ მცირე 2 წლის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც მან მიიღო პოლონეთის რესპუბლიკაში მინიჭებულ ლტოლვილის სტატუსის საფუძველზე. 

       4. არასრულწლოვანი უცხოელი, რომელიც ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის, ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის ან მუდმივი ბინადრობის უფლების საფუძველზე, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის პოლონეთის მოქალაქე, ხოლო მეორე მშობელი, რომელსაც არ აქვს პოლონეთის მოქალაქეობა, თანხმობას უცხადებს არასრულწლოვნის მოქალაქედ ცნობას; 

      5. არასრულწლოვანი უცხოელი, რომელიც ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის, ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის ან მუდმივი ბინადრობის უფლების საფუძველზე, რომლის მინიმუმ ერთმა მშობელმა პოლონეთის მოქალაქეობა მიიღო აღდგენის გზით, ხოლო მეორე მშობელი, რომელსაც არ აქვს პოლონეთის მოქალაქეობა, ეთანხმება არასრულწლოვნის მოქალაქედ ცნობას; 

     6. უცხოელი, რომელიც მუდმივად/უწყვეტად და კანონიერად ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: 

  • - ფლობს მუდმივი ბინადრობის ნებართვას, ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვას ან მუდმივი ბინადრობის უფლებას, 
  • - პოლონეთის რესპუბლიკაში აქვს სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყარო  და საცხოვრებელი ადგილით სარგებლობის კანონიერი უფლება (საკუთრება, ქირავნობა ა.შ.) 

ყურადღება! პირველი პუნქტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ არის მითითებული, რის საფუძველზე უნდა იმყოფებოდეს უცხოელი პოლონეთში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ვიზა ან დროებითი ბინადრობის ნებართვა. ეს ნიშნავს, რომ პოლონეთის მოქალაქედ აღიარების შესახებ განაცხადის წარდგენის დროს უცხოელს უნდა ჰქონდეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა. მაგალითად: პირი 9 წლის განმავლობაში, დროებითი ბინადრობის ნებართვების საფუძველზე ლეგალურად და უწყვეტად იმყოფებოდა პოლონეთში; 9 წლის შემდეგ მან მიიღო ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა და აღნიშნული ნებართვის საფუძველზე დარჩა პოლონეთში 1 წლის განმავლობაში - ამ შემთხვევაში მას შეუძლია პოლონეთის მოქალაქედ აღიარების თაობაზე განაცხადის შეტანა მე-6 პუნქტის მიხედვით და იმ პირობით, რომ იგი აკმაყოფილებს სხვა დანარჩენ მოთხოვნებს. 

 

     7. უცხოელი, რომელიც უწყვეტად ცხოვრობს პოლონეთის ტერიტორიაზე მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც მან მიიღო პოლონური წარმომავლობის ან პოლონელის ბარათის საფუძველზე. 

პროცედურა 

პოლონეთის მოქალაქედ აღიარება ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. განაცხადი პოლონეთის მოქალაქედ აღიარების შესახებ წარედგინება ვოევოდას (Wojewoda), უცხოელის ფაქტობრივი/რეალური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ე.ი. ადგილი, სადაც თავმოყრილილია უცხოელის ცხოვრების ინტერესები). 

უცხოელის პოლონეთის მოქალაქედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უფლებამოსილი ვოევოდა. 

ყურადღება! თუ უცხოელის პოლონეთის მოქალაქედ ცნობის შესახებ განცხადება წარდგენილი იქნა იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს საქმის წარმოება მისთვის პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭების (პრეზიდენტის მიერ) თაობაზე, პოლონეთის მოქალაქეობის აღიარების პროცედურა წყდება/უქმდება. 

 

დოკუმენტები 

პოლონეთის მოქალაქედ აღიარების თაობაზე განაცხადს უცხოელმა  თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: 

  1. პოლონურ ენაზე შევსებული განაცხადი  პოლონეთის მოქალაქედ აღიარების თაობაზე; 
  2. მოთხოვნების შესაბამისი 1 ფოტოსურათი; 
  3. პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის მიერ  გაცემული დაბადების მოწმობის შემოკლებული ან სრული ეგზემპლარი/დუპლიკატი, რომელშიც მითითებულია სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მამის სახელი და გვარი და დედის სახელი და გვარი ქორწინებამდე (მემკვიდრეობითი); 
  4. იმ შემთხვევაში თუ უცხოელი იმყოფებოდა ქორწინებაში - ქორწინების მოწმობის შემოკლებული ან სრული დუპლიკატი გაცემული პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ არაუგვიანეს 3 თვისა (არ შეიძლება იყოს 3 თვეზე მეტი ხნის); 
  5. პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტის დამოწმებული ასლი (უცხოური პასპორტი, სამგზავრო დოკუმენტი); 
  6. პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის დამოწმებული ასლი; 
  7. ვოევოდას მიერ გაცემული მუდმივი ბინადრობის ბარათის დამოწმებული ასლი; 
  8. B1 დონეზე პოლონური ენის ცოდნის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი. 

ყურადღება! პოლონური ენის ცოდნა უნდა დადასტურდეს სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიღებული სერთიფიკატით, პოლონეთში სკოლის დამამთავრებელი ატესტატით (მაგ. დაწყებითი ან საშუალო), უნივერსიტეტის დიპლომით  ან საზღვარგარეთ სკოლის დამამთავრებელი ატესტატით თუ სწავლების ენა იყო პოლონური. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოცდების შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.certyfikatpolski.pl 

 ყურადღება! 2023 წლის 24 ივნისს ძალაში შედის 2023 წლის 31 მაისის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს დებულება პოლონური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატების ჩამონათვალის შესახებ, რომელიც ადასტურებს ენის ცოდნას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.  

დოკუმენტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

 9. უცხოელის ცნობა/განცხადება აუცილებელი უწყვეტი ყოფნის პერიოდებში (ე.ი. 10 ან 3 ან 2 წელი, იმისდა მიხედვით, თუ რის საფუძველზე სურს უცხოელს მოქალაქეობის მიღება) პოლონეთიდან გასვლის და დაბრუნების თარიღების შესახებ, აგრეთვე საზღვარგარეთ ყოფნის ადგილების შესახებ. მოქალაქედ ცნობის განაცხადს თან უნდა დაერთოს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პოლონეთში უწყვეტად ყოფნას კონკრეტულ პერიოდში (მაგ. პასპორტი შტამპებით, ავიაბილეთები). იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს არ ახსოვს პოლონეთიდან გასვლის კონკრეტული თარიღები და არ შეუძლია ამ ინფორმაციის მოპოვება, მას შესაძლებლობა აქვს დაწეროს განცხადება, რომ არ ახსოვს მგზავრობის კონკრეტული თარიღები და მიუთითოს მხოლოდ მიახლოებითი თარიღები; 

 10. პროფესიული მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგ. აკადემიური ან პროფესიული წოდებები), აგრეთვე პოლიტიკური და სოციალური საქმიანობის დამატასტურებელი საბუთები;\ 

 11. უცხოელის მეუღლის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ., უცხოელის მეუღლის მოქმედი პასპორტის დამოწმებული ასლი პირადი მონაცემებით, სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს მეუღლის პირადობასა და მოქალაქეობას); 

 12. წარსულში პოლონეთის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე გაკეთებული განაცხადის დამადასტურებელი საბუთი; 

 13. პოლონეთის მოქალაქეობის აღიარების პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ყურადღება! უცხოელმა, რომელიც პოლონეთის მოქალაქედ აღიარებას ითხოვს 1 და 6 პუნქტების საფუძველზე (იხ. ზემოთ), დამატებით უნდა წარმოადგინოს: 

 14. პოლონეთში შემოსავლის სტაბილური და რეგულარული წყაროების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგ. ცნობა დასაქმების შესახებ, წინა წლის PIT-ი, მუნიციპალიტეტის ცნობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის თაობაზე ფართობის მითითებით, გადაწყვეტილება ხანდაზმულობის ან ინვალიდობის პენსიის გაცემის შესახებ); 

 15. საცხოვრებელი ადგილის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ბინის საკუთრების სანოტარო აქტი ან ქირავნობის ხელშეკრულება). 

 

პროცედურის მოსაკრებელი/საფასური 

პოლონეთის მოქალაქედ აღიარების პროცედურის მოსაკრებელი შეადგენს 219 ზლოტს. უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია საფასურის დაბრუნება. 

 

პროცედურის ხანგრძლივობა 

თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა ამის შესაძლებლობას, განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა იქნას განხილული. იმ შემთხვევაში თუ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას - საქმე უნდა იქნას განხილული არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. განსაკუთრებით რთული საქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იქნას გაცემული ორი თვის ვადაში (ზემოაღნიშნულ ვადებში არ შედის შეფერხების პერიოდები, რომლებიც გამოწვეულია განმცხადებლის მიერ ან არ ექვემდებარება საქმის განმხილველი ორგანოს კონტროლს). 

 

გასაჩივრების პროცედურა 

ვოევოდას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროში (ვოევოდას შუამავლობით) უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში. 

შეაფასეთ

Please add 7 and 4.