+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვა ქორწინების საფუძველზე

დროებითი ბინადრობის ნებართვა  

პოლონეთის მოქალაქის ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლია: 

  • - პოლონეთის მოქალაქის უცხოელ მეუღლეს; 
  • - პოლონეთის მოქალაქის მეუღლის მცირეწლოვან შვილებს თუ იგი (პოლონეთის მოქალაქის მეუღლე) ფლობს პოლონეთის მოქალაქის ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ დროებითი ბინადრობის ნებართვას ან  პოლონეთის მოქალაქესთან ქორწინების საფუძველზე გაცემულ მუდმივი ბინადრობის ნებართვას. 

ყურადღება! მსგავსი ტიპის მომდევნო ნებართვა გაიცემა ზემოთ ხსენებულ უცხოელზე  (მხოლოდ ერთჯერადად არა უმეტეს 3 წლის ვადით) შემდეგ შემთხვევებში: 

  • - განქორწინების ან განშორების შემთხვევაში, როდესაც ეს მისი მნიშვნელოვანი ინტერესით არის გამართლებული, ან 
  • - დაქვრივების შემთხვევაში; 
  • - არასრულწლოვანი ბავშვის მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში, როდესაც ეს ბავშვის მნიშვნელოვანი ინტერესითაა გაპირობებული. 

აღნიშნული ნებართვა ასევე გაიცემა იმ შემთხვევაში თუ უცხოელი არის: 

  • - პოლონეთის მოქალაქის ან მისი მეუღლის შვილი, რომელიც 21 წლამდე ასაკისაა ან რომელიც ფინანსურად დამოკიდებულია პოლონეთის მოქალაქეზე ან მის მეუღლეზე, ან 
  • - პოლონეთის მოქალაქის ან მისი მეუღლის მშობელი, რომელიც ფინანსურად დამოკიდებულია პოლონეთის მოქალაქეზე ან მის მეუღლეზე, თუ პოლონეთის მოქალაქე ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რეგულარულად გადაადგილდება ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამუშაოს შესრულების მიზნით , და თუ უცხოელის მიერ აღნიშნული ნებართვის არ ქონა ხელს შეუშლის პოლონეთის მოქალაქის მიერ მშრომელთა თავისუფალი მიმოსვლის უფლებით სარგებლობას. 

ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლამდე ვადით. 

ყურადღება! აღნიშნული ნებართვა შეიძლება გაიცეს პოლონეთის მოქალაქის ოჯახის სხვა წევრებზეც, თუ ისინი ცხოვრობენ პოლონეთში და არიან: 

  • - მასზე (პოლონეთის მოქალაქეზე) ფინანსურად დამოკიდებულნი ან მასთან ერთად ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა უცხოელი; 
  • - ჯანმრთელობის სერიოზული მიზეზების გამო, რომელიც მოითხოვს პოლონეთის მოქალაქის მიერ უცხოელის პირადად მოვლას. 

განაცხადის წარდგენა ასევე შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას ეწევიან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისად, პოლონეთში მცხოვრებ პოლონეთის მოქალაქესთან, რომელთან ერთადაც რჩებიან პოლონეთის ტერიტორიაზე. 

 

აუცილებელი დოკუმენტები 

პოლონეთის მოქალაქის ოჯახის წევრების (მეუღლის)  დროებითი ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში, გარდა ძირითადი დოკუმენტებისა, რომლებიც აღწერილია საიტის სექციაში - "დროებითი ბინადრობა - ზოგადი ინფორმაცია", უცხოელმა ასევე უნდა წარმოადგინოს: 

  • მეუღლის შემთხვევაში: 
  • - ქორწინების მოწმობის ასლი (გაცემული განცხადების წარდგენამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე); 
  • - მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი (შემოწმების მიზნით თან უნდა იქონიოთ დედანი/ორიგინალი); 
  • - დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ერთად ცხოვრებასა და საოჯახო ცხოვრების ერთად წარმართვას. მათ შორის, მაგალითად, ფოტოები, საერთო ქირავნობის ხელშეკრულება ან სახლის/ბინის საერთო საკუთრების დამადასტურებელი სანოტარო აქტი. 

 

  • ბავშვის შემთხვევაში: 
  • - ბავშვის დაბადების მოწმობა; 
  • - დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პოლონეთის მოქალაქესთან ქორწინებაში მყოფ მშობელს აქვს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 

პოლონეთის მოქალაქის ოჯახის წევრი უცხოელი (მეუღლე, პოლონეთის მოქალაქის მეუღლის არასრულწლოვანი შვილი), დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენისას არ არის ვალდებული, თან დაურთოს ჯანმრთელობის დაზღვევა, არც პოლონეთში სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყაროს ქონის ან საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოუმენტები. აღნიშნულის დემონსტრირება არ არის აუცილებელი არც პოლონეთის მოქალაქის მიერ, რომელთან ერთადაც ცხოვრობს უცხოელი პოლონეთში. 

ყურადღება! ზემოხსენებული ჩამონათვალი არ არის სრულყოფილი.  პოლონეთის ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენისას აუცილებელი დოკუმენტების რაოდენობა/სახეობა შესაძლებელია განსხვავდებოდეს უცხოელის კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე, იმ სავოევოდო სამსახურიდან გამომდინარე, სადაც უცხოელი წარადგენს განაცხადს. 

უარი ნებართვის მინიჭებაზე 

დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ძირითადი საფუძვლების გარდა, ნებართვის მინიჭების თაობაზე  უარყოფით გადაწყვეტილებას გასცემს ვოევოდა იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის პოლონეთის მოქალაქეზე ქორწინების მიზანი იყო კანონის გვერდის ავლა. 

ყურადღება! დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საქმის წარმოების პროცესში, ამ საქმის განმხილველი ორგანო ვალდებულია დაადგინოს, არის თუ არა ქორწინების მიზანი კანონის გვერდის ავლა.  

საქმის წარმოების დროს, განმარტებების ან ორგანოს მიერ ხელთ არსებული მტკიცებულებების დაზუსტების მიზნით, უცხოელს შესაძლებელია, მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა ან განმარტებების გაკეთება, მის მიერ წარდგენილ განაცხადში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად. 

მუდმივი ბინადრობის ნებართვა 

მუდმივი ბინადრობის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს უცხოელზე, რომელიც: 

  • - მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენის წინა დღის მდგომარებით იმყოფებოდა პოლონეთის მოქალაქესთან(პოლონეთის კანონით აღიარებულ) ქორწინებაში არანაკლებ 3 წლის განმავლობაში და 
  • - უშუალოდ ამ განაცხადის წარდგენამდე, მუდმივად ცხოვრობდა პოლონეთის ტერიტორიაზე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც მიიღო პოლონეთის მოქალაქეზე ქორწინების საფუძველზე ან ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე დარჩენის ნებართვის მიღების საფუძველზე. 

ყურადღება! მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი განქორწინდა (პოლონეთის მოქალაქეზე) აღნიშნული ნებართვის მიღების დღიდან 2 წლის გასვლამდე. 

მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სექციაში "მუდმივი ბინადრობა" (POBYT STAŁY). 

 

სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა 

უცხოელს, რომელიც ფლობს მუდმივი ბინადრობის ნებართვას, უფლება აქვს იმუშაოს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის გარეშე. 

უცხოელს ასევე შეუძლია შეასრულოს სამუშაო დამატებითი ნებართვის გარეშე თუ ის ფლობს მოქმედ გადაწყვეტილებას  დროებითი ბინადრობის ნებართვის (პოლონეთის მოქალაქესთან ქორწინებაში ყოფნის საფუძველზე)გაცემის თაობაზე. 

ორივე შემთხვევაში, ბინადრობის ბარათზე დაიტანება ანოტაცია/შენიშვნა "dostęp do rynku pracy"/"შრომის ბაზარზე წვდომა". 

შეაფასეთ

Please add 7 and 9.